ქართული კულტურის ღირებულებები
„ ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია.“ (ო. ჭილაძე)
ქართული კულტურა ქართველი ხალხის უდიდესი სიმდიდრეა, რომელიც კულტურული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ნებისმიერი ადამიანის თვალში ძალიან დიდ აღფრთოვანებას იწვევს ქართული ენა, ქართული ტრადიციები, რომლის შემადგენელ ნაწილად საუკუნეების განმავლობაში მოაზრება: ქართული ცეკვა, ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერა, ქართული სამოსი, ქართული წეს-ჩვეულებები და რაც მთავარია თვით ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა.
თუმცა, ტრადიცია მხოლოდ იმას როდის ნიშნავს, რომ ერთი თაობა ბრმად ბაძავდეს წინა თაობას. არა, ტრადიცია უფრო მეტია, ტრადიცია არის ისტორიის შეგრძნება, როდესაც წარსული არამარტო წარსულად, თანამედროვეობადაც უნდა აღიქვას.
რა იქნებოდა ქართული კულტურა ქართული ენის გარეშე?! ენა ხომ ჩვენს შემთხვევაში ქართველობის სიმბოლოს წარმოადგენს. მართლაც, ქართული ენა ქართველი ერის დედაენაა. იგი უმთავრესი იარაღია კულტურისა, ერის განვითარებისა და ნაციონალური თვითშეგნებისა. ქართულ ენაში აღიბეჭდა ქართველი ხალხის განვლილი გზა, ქართველი ხალხის ისტორიის ეტაპები უძველესი ხანიდან მოყოლებული დღემდე.
ქართული ხალხური ცეკვა და მუსიკა ეს ისაა რაც ქართველებს და მთლიანად საქართველოს გამოარჩევს სხვა ერისგან და სხვა ქვეყნებისგან. ეს ორივე ისტორიული ხასიათისაა, როდესაც ლაპარაკია ქართულ ცეკვაზე ლაპარაკია მოცეკვავის არტისტიზმზე, სისხარტეზე და ჟესტიკულაცია მიმიკაზეც კი. ეს არის ცეკვა, რომელიც სრულიად წარმოაჩენს ქართველი ხალხის ხასიათს და მათს პატრიოტულ სულს. ხოლო რაც შეეხება მუსიკას: “საქართველოს ხალხური მუსიკალური ხელოვნების ძირითად თავისებურებას წარმოადგენს ორგინალური, ნატიფად დამუშავებული გუნდური მრავალხმიანობის არსებობა, რომელიც ასევე გამოყენებულია საეკლესიო მუსიკაში.”
ქართული ტრადიციული სამოსი კი კულტურის ის ძირითადი ნაწილია, რომელიც ცხოვრების წესის, ისტორიის საფუძველზე იქმნებოდა წლების განმავლობაში. ის წარმოადგენს ქართველების ხასიათის გამოვლენის კიდევ ერთ თავისებურებას. ქართული ჩოხა–ახალუხი ეს არის ეროვნული ტანისამოსი და ქართული ტრადიციის სიმბოლო.
ხოლო რაც შეეხება ქართველი ხალხის ყველაზე თვალშისაცემ და „მომხიბვლელ“ თვისებას, (რომელსაც მსოფლიოც აღიარებს) არის სტუმართმოყვარეობა. საქართველოში აქტუალურია ქართული სუფრის ფენომენი და ღვინის სმის ტრადიციები, თამადა - როგორც სუფრის „უფალი“ და თავად ქართული კერძები-თავისი გამორჩეული საგემოვნო თვისებებით. ქართული სამზარეულოსათვის დამახასიათებელია ისეთი კერძები რომლებსაც მარტო საქართველოში ამზადებენ. მაგალითისთვის: ხინკალი, აჭარული ხაჭაპური, ჩურჩხელა, მაწონი და ა.შ. (თუმცა ამ ბოლო დროს ზოგიერთ ქართულ კერძს და პროდუქტს სხვა პრეტენდენტებიც გამოუჩნდა). ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში ფართოდაა გავრცელებული და საუკუნეებს ითვლის მეღვინეობის კულტურა.
საამაყოა საქართველო! საამაყოა ქართული კულტურის წიაღში ყოფნაც კი. საამაყოა, თუმცა მოსაფრთხილებელიც ამავდროულად. ჩვენ ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ მას და ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა.
დავემგვანოთ იმ ქვეყანას, რომელსაც ჩვენი სამშობლო ჰქვია!!!
მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий